კრონიკა

  • 1930-1939

    დაიბადა 1930 წლის 15 სექტემბერს ქ. გორში, საქართველო.

    1934 – მამარდაშვილების ოჯახი საცხოვრებლად ლენინგრადში გადავიდა: მერაბის მამა, კონსტანტინე მამარდაშვილი, სასწავლებლად ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკურ აკადემიაში გაგზავნეს.

    1938 – კ. მამარდაშვილმა დაამთავრა აკადემია. მამარდაშვილების ოჯახი ჯერ კიევში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ვინიცაში. ვინიცაში მერაბი პირველ კლასში შევიდა.

  • 1940-1949

    1941 – დაიწყო დიდი სამამულო ომი. კ. მამარდაშვილი ფრონტზე წავიდა. მერაბი, მისი დედა, ქსენია გარსევანიშვილი, და მისი და, იზა, საქართველოში, თბილისში, დაბრუნდნენ. მერაბი თბილისის მე-14 საშუალო სკოლაში სწავლობდა.

    1949 – ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის მე-14 საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

  • 1950-1959

    1949-1954 – სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1954 წელს დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა ბ. გრუშინთან, ა. ზინოვიევთან და გ. შჩედროვიცკისთან. დაიცვა სადიპლომო ნაშრომი თემაზე „ლოგიკური და ისტორიული მარქსის „კაპიტალში““ (ხელმძღვანელი – ი. ნარსკი, ოპონენტი – ე. ილიენკოვი). ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. როდესაც ამ დროს იხსენებდა, 1990 წლის გაზაფხულზე, მერაბ მამარდაშვილმა თქვა: „…ჩვენთვის „კაპიტალის“ ლოგიკური მხარე – თუ მას ყურადღებას მივაქცევთ, ჩვენ კი მივაქციეთ – უბრალოდ, აზრის რაღაც მასალა იყო, რომლის გამოგონებაც ჩვენს სიღარიბეში არ გვჭირდებოდა, ის ინტელექტუალური მუშაობის მოდელის სახით მოგვეცა. ეს არ არის მარქსიზმი, ეს არის მარქსის პირადი ნააზრევის ტექსტი, ტექსტი მოაზროვნისა, სახელად მარქსი“ (მ. ხრომჩენკოსთვის მიცემული ინტერვიუდან სახელწოდებით „დასაწყისი ყოველთვის ისტორიულია“ (1990).

    1954-1957 – სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. დაახლოებით 1957 წელს გაიცნო ე. ნეიზვესტნი და ა. პიატიგორსკი.

    1957-1961 – მუშაობდა ჟურნალ Вопросы философии-ს სარედაქციო საბჭოში, როგორც რედაქტორ-კონსულტანტი და განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. წერდა და აქვეყნებდა სტატიებსა და მიმოხილვებს (ზოგიერთი მიმოხილვა გამოქვეყნდა ფსევდონიმით მ.კ. მერაბოვი). ამ წლებში გამოქვეყნდა შემდეგი სტატიები: „აზროვნების ფორმისა და შინაარსის გაგების შესახებ ჰეგელის „ლოგიკაში““, „ანალიზისა და სინთეზის პროცესები“, „ფილოსოფიის ისტორიის, როგორც შემეცნების ისტორიის, შესწავლის ზოგიერთი საკითხი“ და სხვ.

  • 1960-1969

    1961 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „შემეცნების ფორმების შესახებ ჰეგელის მოძღვრების კრიტიკისათვის“. 1961 წელს იგი უკვე ოთხ ენას ფლობდა: ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულსა და იტალიურს.

    1961-1966 – ცხოვრობდა პრაღაში, სადაც მუშაობდა საერთაშორისო ჟურნალის, Проблемы мира и социализма, რედაქციაში რედაქტორ-კონსულტანტისა და განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე. ეძლეოდა შესაძლებლობა, ემოგზაურა დასავლეთ ევროპაში, რამდენჯერმე ეწვია საფრანგეთს. ამ პერიოდში მერაბ მამარდაშვილი შეხვდა პიერ ბელფრუასა (ფრანგი ჟურნალისტი და მწერალი) და ლუი ალთუსერს, რომლებთანაც შემდგომში მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. ურთიერთობდა ევროპელი ინტელექტუალებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ფართო წრესთან (მათ შორის იყვნენ – ჟან-პოლ სარტრი, ანტონინ ლიმი, ანრი კარტიე-ბრესონი, ჟაკ ბელფრუა, ალენ მანვი, მილოშ ფორმანი და სხვ). ამ წლებში გამოსცა სტატიები – „დიალექტიკის ეგზისტენციალისტური გაგების კრიტიკის შესახებ“, „ფილოსოფიის ისტორიის მეთოდის პრობლემის შესახებ (კ. იასპერსის ისტორიულ-ფილოსოფიური კონცეფციის ძირითადი პრინციპების კრიტიკა)“, „სოციალური ყოფიერების კატეგორია და მისი ანალიზის მეთოდი სარტრის ეგზისტენციალიზმში“ – და დაასრულა მუშაობა სტატიაზე „გარდაქმნილი ფორმები. ირაციონალურ გამოთქმათა აუცილებლობის შესახებ“.

    1965 – ფსევდონიმით ჟ. მარ (სავარაუდოდ, ფრანგულიდან j’en ai marre – მომბეზრდა, საკმარისია) ხელი მოაწერა ი.მ. შეინინის წიგნის –„მეცნიერება და მილიტარიზმი აშშ-ში“ – რეცენზიას.

    1966 წლის დეკემბერი – პრაღიდან პარიზში ბრუნდება.

    1967-1968 – მუშაობდა მშრომელთა საერთაშორისო მოძრაობის ინსტიტუტის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შედარებითი პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტი) განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

    1967 – მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მეცნიერულ სესიაში „მშრომელთა მოძრაობის პრობლემები“, სადაც გამოვიდა მოხსენებით „ინტელიგენცია თანამედროვე საზოგადოებაში“. მას აეკრძალა საზღვარგარეთ მოგზაურობა მომდევნო 20 წლის განმავლობაში (მიზეზი იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ არასანქცირებული მოგზაურობა საფრანგეთში, სადაც მერაბ მამარდაშვილი გაემგზავრა იტალიიდან, სადაც დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა).

    1967 წლის ოქტომბერი – გამოვიდა მოხსენებებით იტალიაში (ფლორენცია, გენუა) კონფერენციაზე „მარქსიზმი და ადამიანი“. იტალიიდან (სადაც იგი ესწრებოდა კონფერენციას „მარქსიზმი და ადამიანი“) საფრანგეთში საბჭოთა ხელისუფლების მიერ არასანქცირებული მგზავრობის გამო მას მომდევნო 20 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მოგზაურობა ეკრძალება.

    1968-1974 – მუშაობდა ჟურნალ Вопросы философии-ის მთავარი რედაქტორის მოადგილედ.

    1968 – გამოაქვეყნა მონოგრაფია „აზროვნების ფორმები და შინაარსი“; სტატია „ცნობიერების ანალიზი მარქსის შრომებში“ („ჩემ თვალწინ თეორიული ამოცანა დავინახე – გამეგო, რა არის ტექსტი? რა არის ცნობიერება? ამ კითხვების თვით ფორმულირება მაშინ ჩემს ანარქისტულ მისწრაფებებს, ცხოვრებაში, როგორც ასეთში, თავისუფლების მიღწევის სურვილს შეესაბამებოდა. მე მწყუროდა შინაგანი თავისუფლება და ფილოსოფია აღმოჩნდა ის ინსტრუმენტი, რომელმაც საშუალება მომცა, მისთვის მიმეღწია… …სადღაც ორმოცდაათიანი წლების ბოლოს. სხვათა შორის, მარქსი მაშინ ძალიან დამეხმარა. ახალგაზრდობაში ხომ ისიც სწორედ ცნობიერების კრიტიკით იწყებდა – იდეოლოგიის კრიტიკის დონეზე. ანუ მან სცადა შეემუშავებინა ერთგვარი პროცედურა, რომელიც საშუალებას მისცემდა, სოციალური აჩრდილები აზროვნებიდან და საზოგადოებათმცოდნეობიდან განედევნა, მაგრამ მისი მცდელობა არა თუ წარმატებული არ აღმოჩნდა, არამედ ცუდად დასრულდა. როდესაც მარქსის თეორიაზე ვსაუბრობ, მის პირად აზრებს ვგულისხმობ, რადგან ჩემთვის მარქსი მარქსიზმი კი არ არის, არამედ მარქსი მოაზროვნეა და, თანაც, ტრაგიკული მოაზროვნე. მან ვერ შეძლო მთლიანობისა და აზროვნების ძალის კრიტერიუმების იმ დონისთვის მიეღწია, რომელიც თავად შეიმუშავა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ მას. მაგრამ მან შემოგვთავაზა ფუნდამენტური მეთოდი, რომელმაც შესაძლებელი გახადა შხამის ამოღება მოწამლული – სოციალიზებული, გაუცხოებული და ა.შ. – ცნობიერებიდან და ილუზორული ცნობიერებიდან, როგორც ის განსაზღვრავდა იდეოლოგიას“. ენი ეპელბუენისთვის მიცემული ინტერვიუდან, სახელწოდებით „აკრძალული აზრი“ (1989).

    1969 – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე კითხულობდა სპეციალურ კურსებს – „ეგზისტენციალიზმი“ და „ჰეგელის „გონის ფენომენოლოგიის“ შესახებ“. ამ პერიოდში მერაბ მამარდაშვილმა დაიწყო ლექციების აუდიოჩანაწერების გაკეთება თავის დიქტოფონზე (ამ პერიოდის გაშიფრული ტექსტები არქივშია შემონახული; შესაძლოა, ისინი ჟურნალ Вопросы философии-ის მდივანმა ან მბეჭდავმა გააკეთა. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ყველა იმ ადამიანის ვინაობა, რომლებიც მერაბ მამარდაშვილის ლექციების, გამოსვლების, მოხსენებებისა და ინტერვიუების ტრანსკრიფციაში იღებდა მონაწილეობას).

  • 1970-1979

    1970 – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე კითხულობდა სპეციალურ კურსს თემაზე „ჰეგელის „გონის ფენომენოლოგია““. მონაწილეობდა მეორეული მოდელირებადი სისტემების მე-4 საზაფხულო სკოლაში, წარმოადგინა მოხსენება თემაზე „გარდაქმნილი ფორმები და პრაგმემები“. სტატია „გარდაქმნილი ფორმა“ გამოქვეყნდა ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში (საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5). თბილისში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აზროვნების ფორმები და შინაარსი“. მის ოპონენტებს შორის იყვნენ აკადემიკოსი კ. ბაქრაძე, ა. ზინოვიევი და ა. ბეგიაშვილი.

    1970-1971 – კითხულობდა ლექციებს უცხოელი სტუდენტებისთვის სკკპ ცკ-ის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (შესაძლოა, სწორედ აქ წაიკითხა ეგზისტენციალიზმის შესახებ ლექციები, რომელთა ჩანაწერებიც მერაბ მამარდაშვილის პირად არქივში იყო დაცული), მიიღო პროფესორის ხარისხი (იმ დროს სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრას ხელმძღვანელობდა ი. ზამოშკინი, მერაბ მამარდაშვილის ახლო მეგობარი). გამოაქვეყნა (ე. სოლოვიოვთან და ვ. შვირიოვთან ერთად) სტატია „კლასიკური და თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფია (ეპისტემოლოგიური შედარების მცდელობა)“. 1980-იანი წლების ბოლოს მიცემულ ინტერვიუში მერაბ მამარდაშვილი თავის გეგმებზე საუბრისას ამ ეპიზოდს ასე გაიხსენებს: „იგეგმება კიდევ ერთი ნაშრომი – „მოაზროვნის ხატები“. ესაა იმ ტექსტის გადამუშავებული და აღდგენილი ნაწილი, რომელიც 1969 წლის ბოლოს – 1970 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, როგორც სტატიები კლასიკური და თანამედროვე ფილოსოფიის შესახებ. მე დავწერე დასავლური ფილოსოფიის შესახებ ორი სტატიის ტექსტი ჟურნალისთვის, მაგრამ მესამე რიგი მიზეზების გამო არ გამოქვეყნებულა…“ ე. სოლოვიოვი ამავე ეპიზოდს პერმში 1999 წელს გამართულ კონფერენციაზე იხსენებს: „ეს თხზულება მერაბის პირმშო იყო (…) სტატიამ სიტყვასიტყვით გააოგნა ახალგაზრდა თაობა და მთელი ათწლეულის განმავლობაში მათთვის ერთგვარ არაოფიციალურ კატეხიზმოდ იქცა“.

    1971 – გამოაქვეყნა (ა. პიატიგორსკისთან ერთად) სტატია „სამი საუბარი ცნობიერების მეტათეორიაზე (ვიჯნანავადას თეორიის მოკლე შესავალი)“ „ნიშანთა სისტემების ნაშრომებში“. იძულებულია, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტში პედაგოგიური მოღვაწეობა მიატოვოს.

    1972 – პოლონეთში გამოქვეყნდა სტატია Przeksztalcone formy. O konieczno ti irracjonalnych srodkow wyrazy („გარდაქმნილი ფორმები. ირაციონალურ გამოთქმათა აუცილებლობის შესახებ“), მის რუსულ თარგმანამდე 18 წლით ადრე.

    1972 წლის დეკემბერი – გარდაიცვალა მერაბ მამარდაშვილის მამა, კონსტანტინე მამარდაშვილი.

    1972-1974 – კითხულობდა ლექციების ციკლს („ცნობიერების ანალიზის პრობლემები“) მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.

    1973-1974 – ა.მ. პიატიგორსკისთან ერთად მუშაობდა წიგნზე „სიმბოლო და ცნობიერება“.

    1974 – მონაწილეობდა ჰეგელისადმი მიძღვნილ კონგრესში (მოსკოვი), სადაც ხვდება თავის მეგობარს, ლუი ალთუსერს. იძულებულია, მიატოვოს ჟურნალი Вопросы философии და ასევე შეწყვიტოს პედაგოგიური მოღვაწეობა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.

    1974-1980 – მუშაობს ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის ისტორიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე.

    1976 – კითხულობს ლექციებს კურსიდან „ცნობიერების ანალიზის პრობლემები“ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტის ასპირანტებისთვის.

    1976-1977 – აქვეყნებს სტატიას „ფორმის სავალდებულობა“ (გამოსვლა „მრგვალ მაგიდაზე“ თემით „მეცნიერებისა და ხელოვნების ურთიერთქმედება სამეცნიერო-ტექნოლოგიური რევოლუციის კონტექსტში“), გამოდის მოხსენებით რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემების სექტორის მეთოდოლოგიურ სემინარზე (გამოსვლა ცნობილია სათაურით „ფილოსოფია და პიროვნება“). ჟურნალში Вопросы философии ვ. ზინჩენკოსთან ერთად აქვეყნებს სტატიას „ობიექტური მეთოდის პრობლემა ფსიქოლოგიაში“.

    1977-1978 – მუშაობს წიგნზე „შემეცნების ბუნებრივ-ისტორიული თეორიის მონახაზი (განვითარებადი ცოდნის ტრაქტატის შესახებ)“. (1970-იანი წლების ბოლოს მერაბ მამარდაშვილი დაწერს სტატიას „ცოდნის მოვლენების სივრცულ-დროითი ფენომენოლოგიის შესახებ“).

    1977-1980 – კითხულობს ლექციებს კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში (კურსები – „შესავალი ფილოსოფიაში“, „ანტიკური ფილოსოფია“ და „თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის მონახაზი“).

    1979 – მონაწილეობს არაცნობიერის პრობლემისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმში (თბილისი).

  • 1980-1989

    1980 – ანდრის რუბენისის მიწვევით, ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ფილოსოფიის ისტორიის კათედრა) კითხულობს ლექციების კურსს თემაზე „შემეცნებითი ფორმების ანალიტიკა და ცნობიერების ონტოლოგია“. იძულებულია, წავიდეს ბუნებისმეტყველებისა და ტექნოლოგიების ისტორიის ინსტიტუტიდან და საქართველოში გადაბარგდეს.

    1980-1990 – მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში განყოფილების ხელმძღვანელად (თბილისი).

    1981 – ვ. დავიდოვის მიწვევით, სსრკ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წაიკითხა ლექციების კურსი დეკარტზე („კარტეზიული განაზრებანი“). ალგირდას დეგუტისის მიწვევით, ვილნიუსის ფილოსოფიის, სოციოლოგიისა და სამართლის ინსტიტუტში წაიკითხა ლექციების კურსი თემაზე „ფიზიკური მეტაფიზიკის გამოცდილება. ლექციები სოციალურ ფილოსოფიაში“.

    1981-82 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების კურსი მარსელ პრუსტზე (გამოქვეყნებულია „მერაბ მამარდაშვილის ფონდის“ მიერ წიგნში „გზის ფსიქოლოგიური ტოპოლოგია“, ტ. 1).

    1982 – ვ. დავიდოვის მიწვევით, სსრკ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წაიკითხა ლექციების კურსი კანტზე („კანტისეული ვარიაციები“). იერუსალიმში გამოიცა მისი წიგნი „სიმბოლო და ცნობიერება“. ცნობიერების პრობლემისადმი მიძღვნილ პირველ საკავშირო სკოლაში წაიკითხა მოხსენება „ცნობიერების შესახებ“.

    1983 – წაიკითხა ლექცია „ფსიქოანალიზის შესახებ“ (თბილისი); მოხსენება „რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალი“ მე-2 საკავშირო სკოლაში ცნობიერების პრობლემის შესახებ (თბილისი).

    1984 – გამოაქვეყნა წიგნი „რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“ (რიგაში წაკითხული ლექციების კურსის – „შემეცნებითი ფორმების ანალიტიკა და ცნობიერების ონტოლოგია“ – საფუძველზე) და სტატია „ლიტერატურული კრიტიკა, როგორც კითხვის აქტი“ (ტექსტი მრგვალ მაგიდაზე გამოსვლისა, რომლის თემაც იყო „ლიტერატურა და ლიტერატურულ-მხატვრული კრიტიკა ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების კონტექსტში“).

    1984-1985 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების მეორე კურსი მარსელ პრუსტის შესახებ ((გამოქვეყნებულია „მერაბ მამარდაშვილის ფონდის“ მიერ წიგნში „გზის ფსიქოლოგიური ტოპოლოგია“, ტ. 2).

    1986-1987 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების კურსი აზროვნების შესახებ („საუბრები აზროვნებაზე“). რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში წაიკითხა მოხსენება თემაზე „ონტოლოგიის ორგანოები“.

    1987 – კინორეჟისორებისა და სცენარისტების უმაღლეს კურსებზე წაიკითხა ლექციები („აზროვნების შესახებ“). წაიკითხა შემდეგი მოხსენებები: „ცნობიერების პრობლემა და ფილოსოფიური მოწოდება“ (სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში); „რაციონალურობის შესახებ“; „ცნობიერების შესაძლო მეტააღწერის შესახებ“ (ცნობიერების პრობლემისადმი მიძღვნილ VI საკავშირო სკოლაში, ბათუმში); ბოლშევოში, კინემატოგრაფისტთა შემოქმედებით სახლში, წაიკითხა ლექცია სახელწოდებით „ფილოსოფია და თავისუფლება“. ნიუ-იორკში შეხვდა ე. ნეიზვესტნის, რომელსაც 1976 წელს ნეიზვესტნის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ არ შეხვედრია.

    1987-1990 – მონაწილეობდა კონფერენციებსა და „მრგვალ მაგიდებში“, კითხულობდა მოხსენებებსა და ლექციებს და უხვად იძლეოდა ინტერვიუებს. საზღვარგარეთ მოგზაურობის აკრძალვიდან თითქმის ოცი წლის შემდეგ იგი იტალიას, საფრანგეთს, ინგლისსა და შეერთებულ შტატებს ეწვია საქმიანი კავშირების, კონფერენციების, სემინარებისა და მეგობრებთან შეხვედრისთვის.

    1988 – ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ იგი საფრანგეთში შეხვდა თავის მეგობარს, პიერ ბელფრუას (ხვდებოდა მას მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც). მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სიმპოზიუმში „ევროპის კულტურული იდენტობის შესახებ“, რომელზეც წარმოადგინა მოხსენება სახელწოდებით „ევროპული პასუხისმგებლობა“. ეს მოხსენება გამოქვეყნდა წიგნში Europe sans rivage. Symposium International sur l’identite culturelle europeenne. მონაწილეობა მიიღო დარტმუთის XVI კონფერენციაში, სადაც ნორმან კაზინსს, Saturday Review of Literature-ის მთავარ რედაქტორსა და დარტმუთის კონფერენციების თავმჯდომარეს, შეხვდა, რომელსაც მანამდე მხოლოდ დაუსწრებლად, Saturday Review of Literature-ში მუშაობის წყალობით იცნობდა. ირინე ღოღობერიძის მიწვევით, თბილისის უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება „ანტონინ არტოს მეტაფიზიკა“. კითხულობდა ლექციებს კინორეჟისორებისა და სცენარისტების უმაღლეს კურსებზე. ლენინგრადში წარადგინა მოხსენებები „ფილოსოფია და რელიგია“ და „ადამიანის პრობლემა ფილოსოფიაში“. იმ წელს დაიწყო მისი გამოსვლების, მოხსენებებისა და ინტერვიუების ტექსტების გამოქვეყნება (გამოქვეყნდა ტექსტები: „ცნობიერების პრობლემა და ფილოსოფიური მოწოდება“, „ცნობიერება და ცივილიზაცია“, „ნუ გაანადგურებთ თეთრ გედებს“, „ფილოსოფია არის გაცნობიერება ხმამაღლა“, „გაბედო ყოფნა…“ და „ფენომენოლოგია ყველა ფილოსოფიის თანმხლები მომენტია“) (მრგვალ მაგიდაზე გამოსვლა თემაზე „ფენომენოლოგია და მისი როლი თანამედროვე ფილოსოფიაში“).

    1989 (გაზაფხული) – პირველი ინფარქტი.

    „კეტერინგის ფონდის“ (აშშ) მიწვევით უძღვება სემინარებს („სამოქალაქო საზოგადოება“) ოჰაიოს უნივერსიტეტში. ხვდება ბერნარდ მარჩლენდს, ჟურნალ Civic Arts Review-ის რედაქტორს; ჟურნალში Civic Arts Review ქვეყნდება ინტერვიუ მერაბ მამარდაშვილთან. გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტები (ძირითადად – ინტერვიუები): „როგორც მესმის ფილოსოფია“, „ეშმაკი თამაშობს ჩვენით, როცა ზუსტად არ ვფიქრობთ…“, „ფილოსოფოსობა ბედისწერაა“, „ცნობიერება არის პარადოქსი, რომელსაც ვერ შეეჩვევი“, „ფილოსოფოსი არ ერევა პოლიტიკაში, მაგრამ მას უნდა უსმენდნენ“, „სინამდვილის ფილოსოფია“, ასევე ტექსტები: „აზრი კულტურაში“, „თეატრალურობის დრო და სივრცე“, „კანტისეული ვარიაციები“ (წიგნში „კანტის ეთიკა და თანამედროვეობა“).

  • 1990

    1990 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების კურსი „საუბრები ფილოსოფიაზე“ (ბოლო ლექცია წაიკითხა 1990 წლის 10 ნოემბერს). გამოქვეყნდა წიგნი „როგორც მესმის ფილოსოფია“, ტექსტები: „ცნობიერება, როგორც ფილოსოფიური პრობლემა“, „კულტურა და აზროვნება“ და ინტერვიუ „სხვა ცა“. მონაწილეობა მიიღო ა. სახაროვისადმი მიძღვნილ „მრგვალ მაგიდაში“. მონაწილეობდა სემინარში „პოსტმოდერნის დისკურსის ფილოსოფიური პრობლემები“ დუბროვნიკში. რადიოსადგურ France Culture-ის პროგრამაში „გულწრფელი შეხედულება“ (A voix nue) გადაიცა საუბარი მერაბ მამარდაშვილსა და ენი ეპელბუენს შორის (საუბარი 1991 წელს გამოქვეყნდა გამომცემლობა Editions de l’Aube-ის მიერ სათაურით La pensee empechee – „აკრძალული აზრი“). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრების წინაშე წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით „დრო და სივრცე“. ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში წაიკითხა ლექცია სახელწოდებით „ვენა მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე“. შეერთებულ შტატებში კვლავ შეხვდა ბერნარდ მარჩლენდს (მერაბ მამარდაშვილთან საუბრების საფუძველზე ბერნარდ მარჩლენდმა 1991 წელს გამოაქვეყნა მონოგრაფია The Mind of Mamardashvili („მამარდაშვილის გონება“). 1990 წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ კავკასია-ცენტრალური აზიის კონფერენციაში. შეხვდა ა. პიატიგორსკის. საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების წინა დღეს, სტატიით „მე მჯერა საღი აზრის“ (1990 წლის 21 სექტემბერი, გაზეთი Молодежь Грузии), ის ღიად გამოვიდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ: „ქუჩის ყვირილი არ უნდა აღვიქვათ, როგორც საზოგადოებისა და იმ ადამიანების აზრი, რომლებიც მნიშვნელოვან ამოცანებს წყვეტენ. რა თქმა უნდა, ქუჩა იზიდავს და იმედით აიარაღებს ობივატელს. ობივატელის სახით კი ყველა ჩვენგანი მოქმედებს, განსაკუთრებით, ქალაქის მაცხოვრებლები, ინტელექტუალები, რომლებსაც პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ. (…) თუ ჩემი ერი გამსახურდიას აირჩევს, მაშინ, ჩემი შეხედულებებისა და განწყობის აზრით, მე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლა მომიწევს. არ მინდა ამის დაჯერება. (…) თუ დამპირდებიან, რომ საქართველოში კვლავ გაისმება ისეთი ქართული სადღეგრძელოები, როგორიცაა „გაუმარჯოს საქართველოს!“, მე ეს უკვე ორმოცი წლის წინ ჯალათების პირიდან მოვისმინე და ჩემთვის, ისევე, როგორც მათთვის, ვისაც მგრძნობელობა და სინდისი აქვთ, ეს საქართველო არ არის. (…) ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ადამიანური ღირსების შელახვის შეგრძნება. სამწუხაროდ, ჩემი ბევრი თანამოქალაქე ეროვნული შეურაცხყოფისადმი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ადამიანური ღირსების დამცირებისადმი, რაც მონობას, უსამართლობას, ტყუილსა და სიმდაბლეს მოაქვს. (…) აფხაზის, სომეხისა თუ ოსის ღირსების დაცვით თქვენ საკუთარ ღირსებას იცავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთვის ქართველის ამაღლებული გაგება არ არსებობს. (…) მე არ ვეთანხმები ეროვნული მოძრაობის ისეთ ლოზუნგებს, რომლებიც მონობის ახალ ცხოვრებას მპირდება. რწმენა კი არ მინდა, რომელიც შეიძლება მხოლოდ თავისუფალი და შინაგანი აქტი იყოს, მე მინდა აღმსარებლობის თავისუფლება. ჩემი ბრძოლა ქართული ენისთვის კი არ იმართება (ეს ბრძოლა  მოგებულია), არამედ იმისთვის, რაც ქართულად ითქმება“. 1990 წლის ოქტომბერში ის შეუერთდა ეროვნულ კონგრესს, ყველაზე რადიკალური ქართული პარტიების წარმომადგენლობით ორგანოს, იმ პარტიებისა, რომელთა უმეტესობამ ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებს (ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს), რომელთა შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით.

    1990 წლის 25 ნოემბერი – გარდაიცვალა გულის შეტევით ვნუკოვოს აეროპორტში. დაკრძალულია თბილისში.

1930-19391940-19491950-19591960-19691970-19791980-19891990
Scroll to Top